ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს დაწყებულ საყოველთაო-სახალხო განხილვებს ეხმაურება.
"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ პარტია საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე კენჭისყრაში მონაწილეობას, მხოლოდ გიორგი რურუას გათავისუფლების შემთხვევაში მიიღებს.
"საზოგადოების ინტერესშია, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილმა მორიგჯერ არ გადააგდოს არც საზოგადოება, არც პარტნიორები და შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ როგორც კი რურუა გათავისუფლდება და შეთანხმება შესრულდება, ჩვენ მზად ვიქნებით, რომ ინიციატივას მხარს დავუჭერთ. განხილვებში მონაწილეობა ტექნიკური საკითხია და აქ განსახილველი არაფერია", - აღნიშნა კაპანაძემ.
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე კი, ამბობს, რომ მათი ფრაქცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.
"ჩვენი ხმები გარანტირებული აქვს ამ კანონპროექტში ცვლილებას. რაც შეეხება იმ ძალებს, რომლებმაც პოლიტიკური ბადმინტონის საგნად გახადეს ეს ყველაფერი, ვფიქრობ, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს, პირველ რიგში, თავისსავე დადებულ პირობას და ის ბოლომდე შეასრულოს. მე ვფიქრობ, რომ აქ ზედმეტი ინსინუაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ერთმანეთის დადანაშაულება მიდიოდეს, ვის დაბრალდება ამ კანონპროექტის შესაძლო ჩაგდება, ვფიქრობ, რომ უადგილოა. ეს კანონი თუ არ გავა, ეს იქნება ორივეს პასუხისმგებლობა - განაცხადა კობერიძემ.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე,რომან კაკულია დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იქნება.
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ცვლილებები იყოს მიღებული. საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს ვუჭერდი და დავუჭერ, რადგან საქართველოში დიდი ხანია დრო დადგა, პოლიტიკურმა ძალებმა ლეგიტიმაცია თავიანთი იდეების საშუალებით მოიპოვონ და არა ვინმესთან ბრძოლის საშუალებით. ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტ ლეგიტიმაციას შემოიტანს", - ამბობს კაკულია.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემაში კონსტიტუციურ ცვლილებასთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეიდან იწყება. კორონავირუსის გამო, განხილვა სატელევიზო ფორმატში ჩატარდება და მას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გაუძღვება. შეხვედრა ინტერაქციული სახის იქნება და მოქალაქეები საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან შეკითხვების დასმას შეძლებენ.